English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
პროფესორი მურთაზ მაღრაძე - 80

პროფესორი მურთაზ მაღრაძე დაიბადა 1942 წლის 18 მაისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვანში. მან 1960 წელს დაამთავრა ლეღვანის საშუალო სკოლა.  

1961 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის აღრიცხვისა და გამოთვლით სამუშაოთა მექანიზაციის სპეციალობაზე. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, მურთაზ მაღრაძე გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში სამწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად. იქიდან დაბრუნებულ მურთაზ მაღრაძეს ეკონომიკის ფაკულტეტი რამდენიმე ფაკულტეტად დაყოფილი დახვდა და მან უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა  საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც  დაამთავრა 1969 წელს ეკონომიკური ინფორმაციის მექანიზებული დამუშავების სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაცია.

ბატონი მურთაზი სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. იყო მესამე შრომითი სემესტრის მონაწილე ყაზახეთსა და საქართველოში, როგორც რაზმის  კომისარი და რაზმის ხელმძღვანელი.

1969-1972 წლებში მ. მაღრაძე სწავლობდა თსუ-ს ასპირანტურაში სახალხო მეურნეობის მართვაში გამოთვლითი ტექნიკისა და ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების გამოყენების სპეციალობით.

1979 წელს  მურთაზ მაღრაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით იცავს დისერტაციას საქართველოს მანქანათმშენებელ ქარხნებში სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ავტომატიზაციის პრობლემებზე, ხოლო 2000 წელს, წარმატებით დაიცვა ეკონომიკრ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თემაზე - „სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მართვის ინფორმატიზაცია (თეორია და პრაქტიკა).“ პროფესორ მ. მაღრაძის მეცნიერული კვლევების მიმართულებაა საზოგადოების ინფორმატიზაციის პრობლემები.

1972 წლიდან დღემდე, ბატონი მურთაზი აქტიურად ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას,  გაიარა ყველა სამეცნიერო-პედაგოგიური თანამდებობა-  ასისტენტიდან   პროფესორამდე. 

1972-1979 წლებში იგი იყო თსუ-ის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის  ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის ასისტენტი, ამავდროულად 1987 წლიდან -1979 წლამდე იყო საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების დარგში.

1979-2000 წლებში მ. მაღრაძე კონკურსის წესით იკავებს თსუ-ს საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრაზე დოცენტის თანამდებობას.

1994-2009 წლებში მ. მაღრაძე  წარმატებით ხელმძღვანელობდა  თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტზე „ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრას“.

პროფესორი მ. მაღრაძე არის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 10-მდე სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი. მათ შორის 2 მონოგრაფიის („სოციალურ-ეკონომიკური პროცესბის მართვის ინფორმატიზაცია“ და „კათედრის მართვისა და ფაკულტეტზე კონკურსების ჩატარების ავტომატიზებული სისტემების შემუშავება და დანერგვა“) ავტორი. 

პროფესორი მ. მაღრაძე არის რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და თანახელმძღვანელი.

1979-2009 წლებში  პროფესორი მ. მაღრაძე არჩეული იყო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წევრად, ხოლო 2003-2004 წლებში თსუ-ს სამეცნიერო საბჭოს წევრად.

2001-2009 წლებში მ. მაღრაძე იყო ეკონომიკის დარგში სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების დაცვის საბჭოს წევრი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ოთხი საკანდიდატო და სამი სადოქტორო  დისერტაცია, 20-მდე სამაგისტრო ნაშრომი. 

მ. მაღრაძე რამდენიმე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი და ექსპერტია. მის მიერ რეცენზირებულია 20-მდე სახელმძღვანელო.

2008 წლიდან დღემდე პროფესორი მ. მაღრაძე არის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო სამეცნიერო და ანალიტიკური ჯურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

1972 წლიდან დღემდე პროფესორ მ. მაღრაძეს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  მიჰყავს ლექციები შემდეგ დისციპლინებში: ინტელექტუალური საინფორმაციო სისტემები, კორპორაციული საინფორმაციო სისტემები, საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი, საბანკო საინფორმაციო სისტემები, ეკონომიკური საინფორმაციო სისტემების დაპროექტება და სხვა. მისი ლექციები გამოირჩევა მაღალი მეცნიერული სიღრმით და იმავდროულად სისადავით, სტუდენტებისთვის მასალების გასაგები ფორმით მიწოდებით. ის მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ასევე კოლეგებისა და სტუდენტების მიმართ და სარგებლობს მაღლი ავტორიტეტით. 

პროფესორი მ. მაღრაძე თსუ-ში წარმატებული სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვებულია ღირსების მედლით (1998 წ.), ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (2009 წ.) და ღირსების ორდენით (2013 წ.).

აქვს უნივერსიტეტში მუშაობის 51 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.

2009 წელს მ. მაღრაძეს თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ მიანიჭა ემერიტუსის წოდება.

ჰყავს მეუღლე - ლუდა მაღრაძე, პედაგოგი. ქალიშვილი - ვიოლეტა მაღრაძე და ორი შვილიშვილი ალექსანდრე და ილია.

მურთაზ მაღრაძე დღესაც წარმატებით განაგრძობს მუშაობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 ვულოცავთ ბატონ მურთაზს 80 წლის იუბილეს,  ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და შემდგომ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას.

 

პროფესორიდემურსიჭინავა

ჟურნალეკონომიკადაბიზნესის“სარედაქციოკოლეგიაუერთდებამილოცვას, მადლობასუხდისპროფ. მურთაზმაღრაძესნაყოფიერითანამშრომლობისთვისდაუსურვებსმასშემდგომწარმატებულსაქმიანობას.